logo
ENG



1795 აბიტურიენტს, ვინც მინიმალური ზღვარი გადალახა, "მეორადი ჩარიცხვის" შესაძლებლობა ექნება

30 აგვ 202619:01
3 წუთის საკითხავი
 
2026/08/30/aazalx16y3okbiv.png

გამომდინარე იქიდან, რომ დავიწყეთ უმაღლესი განათლების ეროვნული რეფორმა და მიმდინარე წელი გარდამავალ პერიოდს წარმოადგენს, მხოლოდ წელს დავუშვებთ გამონაკლისს და, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ინიციატივით, 1795 აბიტურიენტს, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობას ვაძლევთ, – ამის შესახებ "ოცნების" განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ერთჯერადად იქნა მიღებული.

მიქანაძის განმარტებით, სექტემბრის პირველ ნახევარში გამოცხადდება რეგისტრაცია სახელმწიფო და კერძო უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში დარჩენილ ვაკანტურ ადგილებზე.

„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ 19 აგვისტოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გამოაქვეყნა ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები, რომლის თანახმად, მიმდინარე წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოცხადებული 39 689 აბიტურიენტიდან 34 150 აბიტურიენტი ჩაირიცხა უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე. 1795-მა აბიტურიენტმა ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის თუ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებისთვის განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახა, თუმცა ვერ ჩაირიცხა ვერცერთ საგანმანათლებლო პროგრამაზე. ამის მიზეზი გახლდათ შემდეგი: მათ არჩეული ჰქონდათ მხოლოდ ერთი, ორი ან რამდენიმე პროგრამა, რომელზე ჩარიცხვისთვისაც მიღებული ქულები არ აღმოჩნდა საკმარისი. ასეთი შემთხვევები, სამწუხაროდ, ყოველ წელს ფიქსირდება. თუმცა, ამის მიუხედავად, მეორადი ჩარიცხვების პრაქტიკა, უკვე წლებია, აღარ მოქმედებს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხვისას. გამომდინარე იქიდან, რომ დავიწყეთ უმაღლესი განათლების ეროვნული რეფორმა და მიმდინარე წელი გარკვეულწილად გარდამავალ პერიოდს წარმოადგენს, მხოლოდ წელს დავუშვებთ გამონაკლისს და, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ინიციატივით, 1795 აბიტურიენტს, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობას ვაძლევთ.

მასშტაბური რეფორმის პირველ წელს განხორციელებული ინიციატივები აბიტურიენტებისა და საზოგადოებისთვის გარკვეულ სიახლეს წარმოადგენს. შესაბამისად, აღნიშნული გადაწყვეტილება, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, საგამონაკლისო წესით, ერთჯერადად იქნა მიღებული.

სექტემბრის პირველ ნახევარში გამოცხადდება რეგისტრაცია სახელმწიფო და კერძო უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში დარჩენილ ვაკანტურ ადგილებზე, რის შემდეგაც აბიტურიენტებს, რომლებმაც ეროვნულ გამოცდებზე გადალახეს მინიმალური ზღვარი, მიეცემათ შესაძლებლობა, დარეგისტრირდნენ აღნიშნულ პროგრამებზე.

თითოეული ახალგაზრდისთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ჩვენი უმთავრესი მიზანია. სწორედ ამას ემსახურება უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში განხორციელებული უპრეცედენტო გადაწყვეტილებები. თქვენთვის ცნობილია, რომ მიმდინარე წელს სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხულ თითოეულ სტუდენტს სწავლა სახელმწიფოს მხრიდან მთლიანად დაუფინანსდება, რაც ახალგაზრდებისთვის განათლების მიღების მეტ შესაძლებლობას ქმნის. ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას განათლების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიმართულებით, რადგან გვჯერა, რომ ახალგაზრდებისთვის შექმნილი თითოეული ახალი შესაძლებლობა არის ინვესტიცია ჩვენი ქვეყნის წინსვლასა და განვითარებაში“, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.


close დახურვა